აშშ-ში საქართველოს საელჩო საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს მაშტაბურად აღნიშნავს

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩო პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს მაშტაბურად აღნიშნავს. თებერვლიდან დაწყებული მთელი წლის განმავლობაში დაგეგმილია ღონისძიებების ციკლი, რომელიც მოიცავს მრავალფეროვან აუდიტორიას — საელჩოს პარტნიორებს სამთავრობო და არასამთავრობო უწყებებიდან, ქართულ დიასპორას, კულტურისა და მედიის წარმომადგენლებს, ანალიტიკურ-სამეცნიერო წრეებს და საქართველოთი დაინტერესებულ ამერიკის მოქალაქეებს.

თებერვალ-აპრილში საელჩომ უმასპინძლა რამდენიმე ღონისძიებას, სადაც სტუმრებს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ისტორია, ეკონომიკურ-ტურისტული პოტენციალი და ქართული კულტურა გააცნო. საქართველოს ეროვნულ კინოცენტრთან პარტნიორობით საელჩოს ყოველთვიური ფილმების რეტროსპექტივის ფარგლებში, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში თენგიზ აბულაძის „მონანიება“ ფილმის ჩვენება-დისკუსია გაიმართა. ასევე წლის დასაწყისში, ქართული ცენტრი, მსოფლიო ბანკის ქართველ თანამშრომელთა ასოციაცია, და სმისთონიანის მუზეუმის შვილობილ Smithsonian Associates პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, საქართველოს საელჩომ დამატებით რამდენიმე კულტურული საღამო მოაწყო, მათ შორის ვაშინგტონის ყოველწლიურ ფრანკოფონიის ფესტივალზე საქართველოს განსაკუთრებულად მაშტაბური წარდგენა.

საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის საზეიმო ღონისძიებების ციკლმა თავის პიკს განსაკუთრებული აქტიურობით მაისის თვეში მიაღწია.

3 მაისს, საელჩომ ქართული წარმოშობის ამერიკელი ავია-კონსტრუქტორი ალექსანდრე ქართველის საგამოფენო სივრცე გახსნა თემატური სალექციო კურსით. ალ. ქართველის ასოციაციასთან პარტნიორობით დაიგეგმა ავია-კონსტრუქტორის მოღვაწეობისა, და ავიაციისა და ინჟინერიის თემის საგანმანათლებლო აქტივობების ორგანიზება. პროგრამის გახსნაზე პირველ მოწვეულ ექსპერტად წარსდგა Voyager 1 და 2-ე კოსმოსური მისიის მთავარი ინჟინერი, NASA-ს ცნობილი ინჟინერი ჯონ კასანი.

9 მაისს, Georgian Association in the USA, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდსა და სტრატეგიული საერთაშორისო სწავლების ცენტრმა (Center for Strategic International Studies) უმასპინძლეს საიუბილეო კონფერენციას — ‘საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილე: წარსული, აწმყო და მომავალი’ (Centennial of the First Georgian Republic: Past, Present and Future of Georgia), რომელზეც მომოიხილეს პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან დღემდე ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების ისტორია. მაღალი რანგის სტუმრებთან ერთად ღონისძიებას დაესწრო საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი რეჯეპ ჟორდანია.

17–18 მაისს, აშშ-ს სავაჭრო პლატისა და კასპიის პოლიტიკის ცენტრის ორგანიზებითა და საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი, ავღანეთის საელჩოების მონაწილეობით ვაშინგტონში აშშ-ს სავაჭრო პლატაში გაიმართა ტრანს-კასპიური სატრანსპორტო ფორუმი: 2018 Trans-Caspian East-West Transit Corridor Forum, რომელზეც საქართველოს ეკონომიკური და სატრანზიტო პოტენციალი წარადგინა ელჩმა დავით ბაქრაძემ და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ. ასევე ანაკლიის პორტის შესახებ პრეზენტაცია გამართა პორტის ოპერატორი SSA Marine-ის ვიცე პრეზიდენტმა ბობ ვოტერსმა. აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი პროექტების პრეზენტაციები ასევე გაიმართა აშშ-ის კონგრესსა და Heritage Foundation ფონდში.

ქართული კულტურის – კულინარიისა და ღვინის გასაცნობად, საქართველოს საელჩომ 17 მაისს ვაშინგტონში პრესტიჟულ ყოველწლიურ საელჩოების შეფების კონკურსში (Embassy Chef Challenge) მიიღო მონაწილეობა. აღნიშნულ კონკურსზე ვაშინგტონის პირველი ქართულ რესტორან SUPRA და შეფ მალხაზ მაისაშვილთან პარტნიორობით, საქართველოს საელჩო ათეულობით სხვა კულინარიით გამორჩეული ქვეყნების გვერდზე წარსდგა და მე-19 საუკუნის ქართული კერძითა და შესაბამისად შერჩეული წითელი საფერავით დიდი მოწონება დაიმსახურა. ქართველ შეფთან ინტერვიუ ქართულ სამზარეულოზე როგორც დიპლომატიის ხერხზე ‘Food as Diplomacy’ ადგილობრივ რადიო WAMU 88.5.-ით გადაიცა.

21 მაისს, აშშ-ის კონგრესის საქართველოს მეგობართა ჯგუფმა კონგრესში საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის საიუბილეო მიღებას უმასპინძლა, რომელზეც საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ჯგუფის თანა-თავჯდომარე კონგრესმენმა ჯერი კონოლიმ კონგრესის წევრებსა და თანამშრომლებს სიტყვით მიმართეს და აშშ-საქართველოს მჭიდრო პარტნიორობას ხაზი გაუსვეს. „ჩვენ აშშ-ის კონგრესში საქართველოს გვერდზე ვდგავართ და მხარს ვუჭერთ მას. ჩვენ მაფასებთ თქვენს სითამამეს და ავღნიშნავ რომ მხარდამჭერთა დიდი ჯგუფი გყავთ კონგრესში,“ აღნიშნა კონგრესმენმა.

23 მაისს, საქართველოს საელჩომ, აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტისა და Heritage Foundation ფონდთან პარტნიორობით, უმასპინძლა საქართველოზე ყოველწლიურ კონფერენციას, ამჯერად საიუბილეო თემაზე: “აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა: 100 წელი პირველი რესპუბლიკიდან” (U.S.-Georgia Strategic Partnership Conference: 100 Years since the First Republic). კონფერენცია გახსნა საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა. კონფერენციაზე საქართველოს მთავრობისა და აშშ-ის სამთავრობო და ანალიტიკური უწყებების მაღალი რანგის მონაწილეებმა მიმოიხილეს აშშ-საქართველოს სტრატეგიული ალიანსი და რეგიონში სავაჭრო-სატრანსპორტო ქსელის განვითარებაში ჩვენი ქვეყნის როგორც მთავარი დამაკავშირებლის როლი. თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით განსაკუთრებით გამორჩეული თანამშრომლობის მიმოხილვით კონფერენცია დახურა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.

23 მაისის საღამოს საელჩომ უმასპინძლა დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო სტრუქტურებიდან, არასამთავრობო და ანალიტიკური ორგანიზაციებიდან, ვაშინგტონის დიასპორული ორგანიზაციებიდან, დიპლომატიური კორპუსის, თავდაცვის, ბიზნესისა და მედიის სფეროდან საელჩოს პარტნიორები დაესწრნენ. ქვეყნის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის გასაცნობად, მიღებაზე განთავსდა საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის ისტორიის ამსახველი ფოტო-გამოფენა და საქართველოს ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ხალხური რეწვისა და საქართველოს ოქროს ფონდის ნიმუშების თანამედროვე ასლები. ეროვნული ღვინის სააგენტოს ხელშეწყობით გამართული ქართული ღვინის ექსპოზიციით მიღებაზე საქართველოს, როგორც უძველესი ღვინის მწარმოებელი ქვეყნის წარდგენა კიდევ ერთხელ მოხდა. ხოლო საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით, საელჩომ თავის სტუმრებს ნიუ იორკში მოღვაწე პიანისტი გიორგი მიქაძისა და ანსამბლ ‘ბასიანი’-ს ტრიოს შესრულებით Georgian Overtones პროგრამა შესთავაზა.

2 ივნისს, საქართველოს საელჩომ და ნიუ იორკში საქართველოს გენერალურმა საკონსულომ ერთობლივად უმასპინძლეს საქართველოს დამოუკიდებლობის აღსანიშნავ მიღებას სან ფრანცისკოში, რომელსაც კალიფორნიის შტატის ქართული დიასპორის წარმომადგენლები და საქართველოს ამერიკელი მეგობრები დაესწრნენ.

5–6 ივნისს კი, საქართველოს საელჩომ, მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლად-დაფუძნებულ ქართველ თანამშრომელთა ასოციაციასთან პარტნიორობით, მსოფლიო ბანკის ცენტრალურ ოფისში ქართული მემკვიდრეობის დღეები გამართა, სადაც ორგანიზაციის ათასობით მრავალეროვან თანამშრომელსა და სტუმარს საშუალება მიეცა საქართველოს მდიდარი კულტურა გაეცნო. აღნიშნულ ღონისძიებაზე გამოფენით საქართველოს ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის შექმნილი ოქროს ფონდის ნიმუშების ასლები, საქართველოს ამერიკელი მეგობრების საქველმოქმედო ფონდის მიერ მოწოდებული ქართული ტრადიციული ყაბალახები და მხატვარ ლევან მარგიანის მინიატურები, ასევე ვაშინგტონში მოღვაწე თანამედროვე ქართველი ხელოვანებისა და დიზაინერების შემოქმედება წამოჩინდა. ასევე ქართული რესტორანი ‘სუფრა’ და შეფი მალხაზ მაისაშვილის მიერ მომზადებული ქართული კერძები ორგანიზაციის 600-მდე თანამშრომელმა დააგემოვნა, რამაც აღნიშნული საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან ქართული სამზარეულოსა და კულტურის კიდევ უფრო მეტად პოპულარიზაციის მიმართულებით მომავალი თანამშრომლობისადმი დიდი დაინტერესება გამოიწვია.

აშშ-ში საქართველოს საელჩო კვლავ განაგრძობს 2018 წლის მანძილზე საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს აღნიშვნას სხვადასხვა ღონისძიებით, რაც შეერთებულ შტატებში საქართველოს პოპულარიზაციას და ცნობადობის ამაღლებას მნიშვნელოვნად ემსახურება.

SHARE