მიმდინარე წლის 12 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით, სსიპ – „ახალგაზრდობის სააგენტოს“ ორგანიზებით, „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის” პროგრამის ფარგლებში ხორციელდება ანაკლიისა (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) და შაორის ტბის მიმდებარედ (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი) ახალგაზრდული ბანაკები. პროგრამის მიზანია საზღვარგარეთ მცხოვრები მოზარდების ისტორიულ სამშობლოსთან კავშირების განმტკიცება და მოზარდებისთვის საგანმანათლებლო-შემეცნებითი, სპორტული და კულტურული გარემოს შექმნა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩართულია აღნიშნული პროექტის განხორციელებაში და უზრუნველყოფს უცხოეთში მცხოვრები მოზარდების მონაწილეობას საზაფხულო ბანაკებში, რომლის ფარგლებში მათ მიეცემათ შესაძლებლობა დაამყარონ ურთიერთობა თანატოლებთან, გაიუმჯობესონ ქართული ენის ცოდნა, მიიღონ მონაწილეობა ბანაკის მრავალფეროვან აქტივობებში, განავითარონ საკომუნიკაციო და სხვა სახის უნარ-ჩვევები, გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები.
ბანაკებში მონაწილეობა შეუძლია უცხოეთში მცხოვრებ 14-დან 18 წლამდე ასაკის 40 მოზარდს. საზაფხულო ბანაკებში დასვენების ხანგრძლივობაა 5 დღე. პროექტში მონაწილეთა საქართველოში ჩამოსვლა და გამგზავრება არ ფინანსდება მომწვევი მხარის მიერ. ქვეყნის შიგნით მონაწილეთა ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ხოლო გადაადგილებისას უსაფრთხოებას – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი.
ბანაკებში მონაწილეთა გამგზავრება განხორციელდება 2 ნაკადად, თითო ნაკადში 20 მოზარდი მიიღებს მონაწილეობას:
- I ნაკადი: ადგილმდებარეობა: შაორი; თარიღი: 12 – 18 აგვისტო, 2022 წ.;
- II ნაკადი: ადგილმდებარეობა: ანაკლია; თარიღი: 19 – 25 აგვისტო, 2022 წ.;
ამასთან, გაცნობებთ, რომ საზაფხულო ბანაკებში მონაწილეთა შერჩევა ხორციელდება საზღვარგარეთ დიპლომატიური წარმომადგენლობებთან და საკონსულო დაწესებულებებთან კოორდინაციაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, თქვენს ადგილსამყოფელ ქვეყანაში არსებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობას, ა. წ. 3 აგვისტომდე მიაწოდოთ საზაფხულო ბანაკებში მონაწილეობის მსურველთა სია დანართი 2-ის შესაბამისად. ჯგუფების დაკომპლექტებისას გათვალისწინებული იქნება გენდერული ბალანსი. საბოლოოდ, ბანაკებში მონაწილეთა სია გაეგზავნება სსიპ – ახალგაზრდობის სააგენტოს. აქვე გაცნობებთ, რომ მსურველმა უნდა წარმოადგინოს: მშობლის/მეურვის თანხმობის შევსებული ფორმა (დანართი 3), პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი და 1 ფოტოსურათი; ასევე, სასურველია მონაწილემ წარმოადგინოს სამოგზაურო დაზღვევა.
დაინტერესების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით აშშ-ში საქართველოს საელჩოს: embgeo.usa@mfa.gov.ge