საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება
რა შემთხვევაში შევძლებ ვისარგებლო საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების უფლებით?
სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქე შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ იგი აღნიშნული ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოდან მიიღებს თანხმობას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე.
სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობა გაიცემა, თუ საქართველოს მოქალაქის საქართველოსთან კავშირი სარწმუნოდ იქნება მიჩნეული.
არასრულწლოვანს, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მოიპოვა დაბადებით, საქართველოს მოქალაქეობა უნარჩუნდება დაბადებიდან 18 წლის ასაკის მიღწევამდე. აღნიშნულ ვადაში არასრულწლოვნისთვის მოქალაქეობის შენარჩუნების შესახებ განცხადების წარუდგენლობის შემთხვევაში მას შეუწყდება საქართველოს მოქალაქეობა. არასრულწლოვნისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება დასაშვებია მშობლების ან კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე. ერთ-ერთი მშობლის განცხადების წარდგენის შემთხვევაში არასრულწლოვნისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება დასაშვებია მეორე მშობლის თანხმობით.
გთხოვთ გაითვალისწინოთ
საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა მიმართ 2018 წლის 15 აგვისტომდე არ იყო მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეობის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგვის თაობაზე, უფლება აქვთ, 2024 წლის 31 დეკემბრამდე მიმართონ სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით.
საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხის განსახილველად წარდგენილი უნდა იქნეს:
ა) შევსებული განცხადება;
ბ) დაბადების მოწმობა, თუ მოქალაქეობის მინიჭების მსურველი დაბადებულია საზღვარგარეთ და აქვს აღნიშნული დოკუმენტი( აპოსტილით დამოწმებული და ქართულ ენაზე თარგმნილი );
გ) 2 ფოტოსურათი – ზომით 3X4;
დ) საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტი);
ე) სხვა ქვეყნის მოქალაქეობის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტი).
მომსახურების ვადა და საფასური:
მომსახურების ვადა | მომსახურების ტარიფი |
მე-80 დღეს | 500 ლარი |
მე-60 დღეს | 700 ლარი |
30 დღეში | 1000 ლარი |
საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების ფორმა
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში თქვენს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ატვირთვის შემდეგ, თქვენს საქმეს მიენიჭება განცხადების სარეგისტრაციო ნომერი და კოდი (რომელსაც გენერალური საკონსულო გაცნობებთ). აღნიშნული ნომრის და კოდის შესაბამისად უნდა გადაიხადოთ შესაბამისი მოქალაქეობის მინიჭების საფასური იუსტიციის სახლთან არსებულ ლიბერთი ბანკში.
საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხის განსახილველად წარდგენილი უნდა იქნეს:
- საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- სხვა ქვეყნის მოქალაქეობის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- მშობლის თანხმობა;
- 14 წელს მიღწეული არასრულწლოვანის შემთხვევაში – მისი თანხმობა.
არასრულწლოვნის ან მხარდაჭერის მიმღები პირის მოქალაქეობის საკითხი განიხილება მათი კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე.
14-დან 18 წლამდე არასრულწლოვანი პირის მოქალაქეობის საკითხზე კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს არასრულწლოვნისა და მეორე მშობლის (არსებობის შემთხვევაში) წერილობითი თანხმობა. არასრულწლოვანს წერილობითი თანხმობის წარდგენა არ მოეთხოვება, თუ იგი, ამასთანავე, მხარდაჭერის მიმღები პირია.
განცხადება და აღნიშნული დოკუმენტები უნდა წარმოადგინოთ ქართულ ენაზე. სხვა ენაზე შედგენილი დოკუმენტები მიიღება მხოლოდ სათანადო წესით დამოწმებულ ქართულენოვან თარგმანთან ერთად.
საქართველოს ფარგლებს გარეთ ყოფნის შემთხვევაში, შესაძლებელია მიმართოთ საქართველოს შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობასა თუ საკონსულო დაწესებულებას ვიზიტის დანიშვნის შემდეგ.
აღნიშნული სერვისით ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ დისტანციური მომსახურებით.
საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს