საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება (ორმაგი მოქალაქეობა)

საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებასთან დაკავშირებით საჭიროა შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:

1) შევსებული განცხადება საქართველოს პრეზიდენტის სახელზე (განცხადება შევსებული უნდა იქნას სრულყოფილად თითოეულ პუნქტში მითითებული კითხვის შესაბამისად და ხელმოწერილი);

2) გვარის ან სახელის ცვლილების შემთხვევაში უნდა წარმოადგინოთ ქორწინების მოწმობის ასლი ან დოკუმენტი რის საფუძველზეც მოხდა სახელის/გვარის ცვლილება. ზემოაღნიშნული დოკუმენტები უნდა იყოს ნათარგმნი და აპოსტილით დამოწმებული (აშშ-ს შესაბამისი დაწესებულების მიერ). თუ ქორწინების მოწმობაში არ ჩანს სახელის ან გვარის ცვლილება, შესაბამისი უწყებიდან უნდა მოიტანოთ ცნობა იმის თაობაზე, რომ თქვენ გვარი შეიცვალეთ ქორწინების საფუძველზე ეს დოკუმენტიც საჭიროებს აპოსტილით დამოწმებას; ასევე, უცხოური პასპორტის ნათარგმნი ასლი (ადგილსამყოფელი ქვეყნის სანოტარო ბიუროში დამოწმებული);

3) დაბადების მოწმობის ასლი (თუ მოქალაქეობის მინიჭების მსურველი დაბადებულია საზღვარგარეთ და აქვს აღნიშნული დოკუმენტი), ხოლო არასრულწლოვანი პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შემთხვევაში – პირის დაბადების მოწმობის ასლი და მისი კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობა (შესაძლებელია ადგილზე თანხმობის გაკეთება და ნოტარიულად დამოწმებული თანხმობის წარმოდგენა); ორივე შემთხვევაში, დაბადების მოწმობა დამოწმებული უნდა იყოს აპოსტილით.

4) პასპორტის ან მოქალაქეობისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი;

5) 2 ცალი პასპორტის ფოტო სურათი (ზომა 3×4 სმ, დაბეჭდილი);

6) საქართველოს მოქალაქის ფიცი;

7) საქართველოს ორი მოქალაქის რეკომენდაცია, რეკომენდატორების საქართველოს პასპორტების ან პირადობის მოწმობების ასლები;

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში თქვენს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ატვირთვის შემდეგ, თქვენს საქმეს მიენიჭება განცხადების სარეგისტრაციო ნომერი და კოდი (რომელსაც გენერალური საკონსულო გაცნობებთ). აღნიშნული ნომრის და კოდის შესაბამისად უნდა გადაიხადოთ 500 ლარის ოდენობის მოქალაქეობის მინიჭების საფასური იუსტიციის სახლთან არსებულ ლიბერთი ბანკში.

საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებისათვის წერილობითი განცხადება და შესაბამისი დოკუმენტები შეიძლება წარმოადგინოთ პირადად, გენერალურ საკონსულოში ვიზიტის დანიშვნის შემდეგ.

საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებისთვის განაცხადის შეტანა ასევე შესაძლებელია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე, დისტანციური სერვისების საშუალებით. https://sda.gov.ge/?page_id=4118  მოცემული ვებგვერდის საშუალებით საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ ონლაინ რეჟიმში, სახლიდან გაუსვლელად მიიღონ საჭირო მომსახურეობა.

გთხოვთ ასევე გაითვალისწინოთ!

  1. საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე განცხადება და თანდართული დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე. სხვა ენაზე შედგენილი დოკუმენტები მიიღება სათანადო წესით დამოწმებული ფორმით, სანოტარო წესით დამოწმებულ ან საკონსულოს თანამდებობის პირის მიერ შესრულებულ და დადასტურებულ ქართულენოვან თარგმანთან ერთად. სააგენტო უფლებამოსილია საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით და რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირისთვის გამარტივებული წესით მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადება მიიღოს არასახელმწიფო ენაზეც.
  2. უცხო სახელმწიფოში გაცემული დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს მატერიალური ფორმით, სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

SHARE