Covid-19 პანდემიის შედეგად დაზარალებული მცირე ბიზნესის დასახმარებლად კალიფორნიაში განხორციელებული ქმედებები:
კალიფორნიის გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა გამოაცხადა ახალი ინიციატივა, რომელიც მოიცავს 17.8 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას სხვადასხვა მიმართულებით. გამოყოფილი თახა მოხმარდება ვირუსის შედეგად დაზარალებულ მცირე ბიზნესისა და შტატის სხვადასხვა სამსახურების თანამშრომლებს. თანხების ალოკაცია მოხდება მუშათა ინოვაციისა და განვითარების აქტის (Workforce Innovation and Opportunity Act) რესურსებიდან, რაც ითვალისწინებს 7.8 მილიონის გამოყოფას ლოს ანჯელესისთვის, ხოლო 10 მილიონის განაწილებას შტატის სხვადასხვა ქალაქებისა და ოლქების მიხედვით.
შტატი ასევე უზრუნველყოფს $50 მილიონს, რომელიც გამოყენებული იქნება სასესხო გარანტიების მიმართულებით მცირე ბიზნესებისათვის, რომლებიც ვერ სარგებლობენ ფედერალური დახმარებით.
კალიფორნიის შტატი ასევე მისცემს საშუალებას მცირე ბიზნესს 12 თვით გადაავადოს დამატებითი ღირებულების და სხვა გადასახადები (defer payment of sales and use taxes), რომლებიც არ აღემატება 50,000 აშშ დოლარს.
3 აპრილს, კალიფორნიის შტატმა მიიღო აშშ-ის საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალური სააგენტოს (FEMA) თანხმობა 75 პროცენტიანი ფინანსური თანამონაწილეობის თაობაზე, რაც გულისხმობს შტატის მასშტაბით უსახლკარო ადამიანებისთვის იზოლირებული თავშესაფარის, მედიკამენტებისა და კვების უზრუნველყოფას.
3 აპრილს კალიფორნიის გუბერნატორმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც შეზღუდავს მაღაზიებისა და სხვადასხვა გამყიდველების მიერ ფასების გაზრდის შესაძლებლობას კრიტიკულად მნიშვნელობვან პროდუქციაზე, როგორიც არის საკვები და სამედიცინო პროდუქტი.
სან ფრანცისკოს მერმა ბრძანება გასცა ეკონომიკური საგანგებო სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბებაზე, რომელიც შეიმუშავებს „ეკონომიკური გამოჯანმრთელობის“ სტრატეგიას, სან ფრანცისკოში არსებული ბიზნესების, არასამთავრობო ორგანიზაციების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და კერძო პირების დასახმარებლად.
სან ფრანცისკოს მერის დავალებით ეკონომიკისა და მუშახელის განვითარების სამსახური უზრუნველყოფს 10 მილიონ აშშ დოლარს ახალი, საგანგებო სესხების ფონდს რომელიც დაეხმარება მცირე ბიზნესებსა და მეწარმეებს.