საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა

საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა
რა შემთხვევაში შევძლებ საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭებას?

საქართველოს მოქალაქეობა შეიძლება  მოგენიჭოთ აღდგენის წესით, იმ შემთხვევაში, თუ ის შეგიწყდათ:

  1. მოქალაქეობიდან გასვლის შედეგად;
  2. სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემდეგ საქართველო მოქალაქეობის შეწყვეტის შედეგად;
  3. მშობელთა არჩევანის შედეგად.

მოქალაქეობის  საკითხთა კომისია  აფასებს ცოდნის დონის  შესაბამისობას დადგენილ ფარგლებთან სახელმწიფო ენაში. (ტესტირება ჩასაბარებელი არ არის  არამართლზომიერად მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძველზე  საქართველოს  მოქალაქეობის  აღდგენის წესით მინიჭების დროს)

საკითხის განსახილველად წარმოადგინეთ  შემდეგი დოკუმენტები:

ა) დადგენილი ფორმის მიხედვით შევსებული განცხადება;

ბ) 2 ცალი ფოტოსურათი – ზომით 3X4;

გ) საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტის ასლი);

დ) უცხო ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტის ასლი)

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში თქვენს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ატვირთვის შემდეგ, თქვენს საქმეს მიენიჭება განცხადების სარეგისტრაციო ნომერი და კოდი (რომელსაც გენერალური საკონსულო გაცნობებთ). აღნიშნული ნომრის და კოდის შესაბამისად უნდა გადაიხადოთ 325 ლარის ოდენობის მოქალაქეობის მინიჭების საფასური იუსტიციის სახლთან არსებულ ლიბერთი ბანკში.

მშობლის/მშობლების არჩევნის შედეგად საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძვლით საქართველოს მოქალაქეობა აღდგენის წესით პირს შეიძლება მიენიჭოს მის მიერ სრულწლოვანების მიღწევისას.

არასრულწლოვნის ან მხარდაჭერის მიმღები პირის მოქალაქეობის საკითხი განიხილება მათი კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე.

14-დან 18 წლამდე არასრულწლოვანი პირის მოქალაქეობის საკითხზე კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს არასრულწლოვნისა და მეორე მშობლის (არსებობის შემთხვევაში) წერილობითი თანხმობა. არასრულწლოვანს წერილობითი თანხმობის წარდგენა არ მოეთხოვება, თუ იგი, ამასთანავე, არის მხარდაჭერის მიმღები პირი.

განცხადება და აღნიშნული დოკუმენტები უნდა წარმოადგინოთ ქართულ ენაზე. სხვა  ენაზე შედგენილი დოკუმენტები მიიღება მხოლოდ სათანადო წესით  დამოწმებულ ქართულენოვან თარგმანთან ერთად.

მოქალაქეობის აღდგენის  საკითხზე წერილობითი განცხადება და შესაბამისი დოკუმენტები შეიძლება წარმოადგინოთ  პირადად, გენერალურ საკონსულოში ვიზიტის დანიშვნის შემდეგ.

საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის საკითხზე განაცხადის შეტანა ასევე შესაძლებელია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე, დისტანციური სერვისების საშუალებით. https://sda.gov.ge/?page_id=4118  მოცემული ვებგვერდის საშუალებით საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ ონლაინ რეჟიმში, სახლიდან გაუსვლელად მიიღონ საჭირო მომსახურეობა.

საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს

SHARE