საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების პოპულარიზაციის პროგრამის ფარგლებში, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი მოსწავლეებისთვის გამოცხადდა კონკურსი „ანიდან ჰოემდე“.
კონკურსს ახორციელებს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის სახელობის ენათ-მეცნიერების ინსტიტუტი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.
კონკურსი ვიდეორგოლებისა და ესეების ნომინაციებისგან შედგება: ესეების ნომინაციაგულისხმობს მოსწავლეების მიერ ქართული ანბანისა და ენის თემაზე ესეს მომზადებას, მეორე ნომინაცია კი – ამავე თემაზე ვიდეორგოლის შექმნას.
კონკურსის შედეგად, თითოეულ ნომინაციაში გამოვლინდება სამი გამარჯვებული. გამარჯვებული მოსწავლეები საჩუქრად მიიღებენ სერტიფიკატებს, ელექტრონული წიგნების სახლ „საბას“ ერთწლიანი მომსახურების ვაუჩერსა და სხვადასხვა სახის სამახსოვრო საჩუქრებს. გარდა გამარჯვებულებისა, სერტიფიკატები და საჩუქრები გადაეცემათ თითოეულ ნომინაციაში საუკეთესო ათეულში მოხვედრილი ნამუშევრების ავტორებს.
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ 10-17 წლის ახალგაზრდებს – უცხოეთის ქართული დიასპორის წარმომადგენლებს, რომლებიც საზღვარგარეთის სკოლებში იღებენ განათლებას.
- საკონკურსო ნამუშევრები (ესე, ვიდეორგოლი) შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე და ასახავდეს ქართულ ანბანთან დაკავშირებულ თემებს, მათ შორის – მოსწავლის სუბიექტურ დამოკიდებულებას ქართულ ენასა და ანბანთან.
- საკონკურსო ესე უნდა იყოს აკრეფილი შრიფტით Sylfaen (შრიფტის ზომა − 11, ინტერვალი − 1.5) არაუმეტეს ორი ნაბეჭდი გვერდისა. საკონკურსო ესეს ცალკე დოკუმენტად უნდა ერთოდეს საკონკურსო განაცხადი (ფორმა N1).
- ვიდეორგოლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს. საკონკურსო ვიდეორგოლს ცალკე დოკუმენტად უნდა ერთოდეს საკონკურსო განაცხადი (ფორმა N1).
- ერთ კონკურსანტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს მხოლოდ ერთ ნომინაციაში.
კონკურსის ვადები:
- საკონკურსო განაცხადები (ესე ან ვიდეორგოლი, ფორმა N1) მიიღება 2021 წლის 17 დეკემბრის ჩათვლით.
- განაცხადი უნდა გამოგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე: contact.icege@gmail.com
- საუკეთესო ესეებისა და ვიდეორგოლების გამოვლენა და ავტორთა დაჯილდოება მოხდება 2021 წლის 20-25 დეკემბერს, მეცნიერების კვირეულის ფარგლებში.