საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭება

რა შემთხვევაში შევძლებ საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მიღებას?

საქართველოს მოქალაქეობა შეიძლება მოგენიჭოთ აღდგენის წესით, იმ შემთხვევაში, თუ ის შეგიწყდათ:

1. მოქალაქეობიდან გასვლის შედეგად;
2. სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემდეგ საქართველო მოქალაქეობის შეწყვეტის შედეგად;
3. მშობელთა არჩევანის შედეგად.
მოქალაქეობის საკითხთა კომისია აფასებს ცოდნის დონის შესაბამისობას დადგენილ ფარგლებთან სახელმწიფო ენაში. (ტესტირება ჩასაბარებელი არ არის არამართლზომიერად მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძველზე საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების დროს)

საკითხის განსახილველად წარმოადგინეთ შემდეგი დოკუმენტები:

ა) დადგენილი ფორმის მიხედვით შევსებული განცხადება;

ბ) 2 ცალი ფოტოსურათი – ზომით 3X4;

გ) საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტის ასლი);

დ) უცხო ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტის ასლი)

მშობლის/მშობლების არჩევნის შედეგად საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძვლით საქართველოს მოქალაქეობა აღდგენის წესით პირს შეიძლება მიენიჭოს მის მიერ სრულწლოვანების მიღწევისას.

არასრულწლოვნის ან მხარდაჭერის მიმღები პირის მოქალაქეობის საკითხი განიხილება მათი კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე.

14-დან 18 წლამდე არასრულწლოვანი პირის მოქალაქეობის საკითხზე კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს არასრულწლოვნისა და მეორე მშობლის (არსებობის შემთხვევაში) წერილობითი თანხმობა. არასრულწლოვანს წერილობითი თანხმობის წარდგენა არ მოეთხოვება, თუ იგი, ამასთანავე, მხარდაჭერის მიმღები პირი .

განცხადება და აღნიშნული დოკუმენტები უნდა წარმოადგინოთ ქართულ ენაზე. სხვა ენაზე შედგენილი დოკუმენტები მიიღება მხოლოდ სათანადო წესით დამოწმებულ ქართულენოვან თარგმანთან ერთად.

შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენა შესაძლებელია:

  • საფოსტო გზავნილით. ამ შემთხვევაში აუცილებელია განაცხადის დარეგისტრირება შემდეგი ბმულის მეშვეობით – www.geoconsul.gov.ge განაცხადის რეგისტრაციისას გთხოვთ მიუთითოთ დოკუმენტების წარმოდგენის ფორმაში – საფოსტო გზავნილი
  • მოქალაქეობის აღდგენის საკითხზე წერილობითი განცხადება და შესაბამისი დოკუმენტები ასევე შეიძლება წარმოადგინოთ პირადად, საკონსულოში ვიზიტის დანიშვნის შემდეგ.

 

 

საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს

SHARE