2019 წელს აშშ-ის კონგრესმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდამჭერი მთელი რიგი მნიშვნელოვანი რეზოლუციებისა და აქტების ინიცირება მოახდინა. ისინი აღიარებენ ქვეყნის წინსვლას ევროპულ და ტრანს – ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებში და ითხოვენ პარტნიორობის გაფართოვებას ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროებში. 2017 წლიდან, აშშ-ს კონგრესის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა კიდევ უფრო გაღრმავდა და 2018 წლის ბოლოს განმტკიცდა პირველი ცალკემდგომი „საქართველოს მხრდამჭერი აქტი“ კანონის წარმომადგენელთა პალატის მიერ ორპარტიული მხარდაჭერით, რომელიც ასევე 2019 წლის ნოემბერში ახალმა კონგრესმა ხელმეორედ დაამტკიცა.
პირველი დამოუკიდებელი ორპარტიული “საქართველოს მხარდაჭერის აქტი” H.R.598 მოიცავს დებულებებს, რომლებიც აფართოებენ და ამყარებენ შეერთებული შტატების მხარდაჭერას საქართველოს მიმართ და ეწინააღმდეგება რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის (სამხრეთ ოსეთის) რეგიონებში უკანონო შეჭრას და მათ ოკუპაციას. კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოსთვის დახმარების გაზრდას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, რათა ხელი შეუწყოს ჩვენს ქვეყანას გააძლიეროს საფრთხის თავიდან აცილების, წინააღმდეგობის გაწევისა და თავდაცვის შესაძლებლობები. კანონპროექტი ასევე მოუწოდებს აშშ-ის ადმინისტრაციას განავითარონ სტრატეგია რუსეთის დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან ბრძოლაში საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით. “საქართველოს მხარდამჭერი აქტი” ასევე მოიცავს სანქციების დაწესების ინიციატივას იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ადამიანის უფლებების მნიშვნელოვან დარღვევებზე რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სიცოცხლის უფლების ხელყოფაზე. გარდა ამისა, კანონპროექტში აღნიშნულია, რომ აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლობამ უნდა მიაღწიოს პროგრესს საქართველოსთან მოლაპარაკებების კუთხით, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გასაფორმებლად.
აშშ-ის 2020 ფისკალური წლის ასიგნებათა კონსოლიდირებულ აქტს (H.R. 1865) პრეზიდენტ დონალდ ტრამპმა 2019 წლის დეკემბერში მოაწერა ხელი და დააკანონა. აღნიშნული საბიუჯეტო კანონი მნიშვნელოვან ჩანაწერს შეიცავს საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარების თვალსაზრისით, და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს რუსეთის მხრიდან მომავალ საფრეთხეებსა და მის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. საყურადღებოა ისიც, რომ კონგრესმა აღნიშნული ჩანაწერი აშშ-ის საკანონმდებლო აქტში პირველად 2017 წელს შეიტანა, რაც საკანონმდებლო ორგანოს მიერ საქართველოსადმი დიდ ყურადღებასა და მტკიცე მხარდაჭერაზე მიანიშნებს. 2020 ფისკალური წლის ასიგნებათა კონსოლიდირებულ აქტში საქართველოსათვის განკუთვნილი თანხა 132 025 000 აშშ დოლარს შეადგენს, რაც საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების მანძილზე ყველაზე მაღალ ნიშნულს წარმოადგენს. აღნიშული აქტი გმობს რუსეთის მიერ უკანონო ქმედებებს საქართველოში და აღნიშნავს, რომ კანონით გამოყოფილი დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერცერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, რომელიც აღიარებს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებლობას.
2020 ფისკალური წლის აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტში (S-1790), რომელიც განსაზღვრავს აშშ-ს საბიუჯეტო და პოლიტიკურ პრიორიტეტებს, საქართველო ღირებულ მეგობრად და პარტნიორად მოიაზრება. აღნიშნული აქტი გმობს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, მისი მხრიდან დესტაბილიზაციურ და აგრესიულ ქცევას, რაც ხელს უშლის ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებას.
მხოლოდ 2019 წელს, როგორც სენატმა ისე წარმომადგენელთა პალატამ, 10-ზე მეტი კანონპროექტი და რეზოლუცია წარადგინა საქართველოს მხარდასაჭერად:
- აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ მიიღო Res. 510 რეზოლუცია, რომელიც ადასტურებს შეერთებული შტატების მხარდაჭერას უკრაინის, საქართველოსა და მოლდავეთის მიმართ რომლებიც ცდილობენ შეინარჩუნონ პოლიტიკური სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. რეზოლუცია აძლიერებს თანამშრომლობას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და უკრაინას, საქართველოს, მოლდოვას შორის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისათვის ითვალისწინებს გაზრდილ დახმარებას რუსეთის ფედერაციის მხრიდან მომდინარე დესტაბილიზაციის წინააღმდეგ, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში.
- აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი რეზოლუციას Res. 93 საქართველოს შესახებ, რომლითაც ამერიკელი კანონმდებლები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მტკიცე მხარდაჭერას გამოხატავენ და გმობენ რუსეთის პარტნიორი, სირიის არაბული რესპუბლიკის მიერ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის/ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას.
- საქართველოს შესახებ დამოუკიდებელი რეზოლუცია Res. 417 კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ცალსახად უჭერს მხარს საქართველოს მთავრობის ქმედებებს, რომელიც მიმართულია როგორც ქვეყნის მოსახლეობის, ისე მისი სუვერენული ტერიტორიის დაცვისკენ.
- აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის რეზოლუცია Res. 802 კიდევ ერთხელ, ხაზგასმით მხარს უჭერს ბუქარესტის ნატო-ს სამიტის 2008 წლის დაპირებას, რომ ნატო მიესალმება უკრაინისა და საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისთვის მიმართულ ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.
- აშშ-ს პალატის მიერ წარდგენილი რეზოლუციაში Res. 291 ხაზგასმულია რუსეთის ფედერაციის ქმედებები, რომელიც მიმართულია ტრანსატლანტიკური ერთიანობისა და უსაფრთხოების ხელის შეშლისაკენ, რაც საქართველოს და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციას მოიცავს.
- ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ კიდევ ერთი რეზოლუცია Res. 286 წარადგინა, სადაც ცალსახად და ხაზგასმითაა აღნიშნული ნატოს მიერ გადადგმული ნაბიჯები რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად, რაც მოიცავს არალეგალურ შეჭრას საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიებზე და მათ ოკუპაციას.
- აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კანონპროექტი Res. 3064 სხვა მრავალ საკითებთან ერთად, გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაციას, რაც საფრთხეს უქმნის კონტინენტალურ მშვიდობასა და სტაბილურობას.
- ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ წარდგენილი კანონპროექტი Res. 4209 ხაზს უსვამს რუსეთის მცდელობას ხელი შეუშალოს ან შეაფერხოს ნატოს წევრების მისწრაფება ალიანსში გაწევრიანებისაკენ, რაც დასტურდება უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიით.
- აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ ასევე მიიღო კანონპროექტი Res. 546 რომლის თანახმადაც შეერთებული შტატების პოლიტიკა დიდ რვიანში (G-8) რუსეთის ფედერაციის მუდმივი მონაწილეობის შესახებ განპირობებული უნდა იყოს რუსეთის მიერ მეზობელი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემით. ასევე დემოკრატიული საზოგადოების ნორმებისა და სტანდარტების მიღებითა და დაცვით, ისევე როგორც დიდი რვიანის ყველა სხვა წევრი ქვეყნა უზრუნველყოფს.
- აშშ-ს სენატის მიერ წარდგენილი კანონპროექტი S-482 ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა საჯაროდ უნდა მოუწოდოს რუსეთის ფედერაციის მთავრობას დააბრუნოს ყირიმი უკრაინის მთავრობის კონტროლის ქვეშ, და შეწყვიტოს ოკუპაცია და მხარდაჭერა საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიებზე მყოფი სეპარატისტული რეჟიმებისადმი. რუსეთის გავლენის წინააღმდეგ შექმნილი ფონდის (Countering Russia Influence Fund) თანხები უნდა მოხმარდეს, სახელმწიფო მდივნის მიერ განსაზღვრულ ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებს, რომლებიც მოწყვლადნი არიან რუსეთის ფედერაციის დამაზიანებელი ზეგავლენისადმი და ასევე უპასუხოს ჰუმანიტარულ კრიზისსა და არასტაბილურობას, რომელიც გამოწვეულია, თუ გაძლიერებულია რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში შეჭრითა და ოკუპაციით.
- ამერიკის შეერთებული შტატების სენატის მიერ წარდგენილ S–2537კანონპროექტში კიდევ ერთხელ არის ხაზგასმული ჰუმანიტარული კრიზისი და არასტაბილურობა, რომელიც გამოწვეულია, თუ გაძლიერებულია რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ტერიტორიებზე შეჭრითა და მათი ოკუპაციით.
- აშშ-ს სენატორებმა ჯეკ რიდმა (D-RI), ჩარლზ შუმერმა (D-NY), რობერტ მენენდესმა (D-NJ) და მარკ ვორნერმა (D-VA) 2019 წლის აგვისტოში წერილით მიმართეს პრეზიდენტ ტრამპს, სადაც რუსეთის ფედერაციისა და მისი პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დიდ შვიდიანში (G7) დაბრუნების საწინააღმდეგო პოზიციას აფიქსირებენ, რაც გამოწვეულია რუსეთის მთავრობის მიერ საერთაშორისო ნორმებისა და კანონის უზენაესობის მუდმივი დარღვევით, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციით.
ასევე 2019 წლის განმავლობაში, აშშ-ს სენატისა და წარმომადგენელთა პალატის მრავალი მოსმენა გაიმართა, სადაც კანონმდებლებმა ხაზი გაუსვეს აშშ-ს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს მიმართ, შეაფასეს ქვეყნის ლიდერობა რეგიონში და დაგმეს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ოკუპაცია.
აღნიშნული კანონები და რეზოლუციები აშშ-ს კონგრესის მხრიდან საქართველოსადმი 2018 წელს გაღრმავებული უპრეცედენტო მხარდაჭერის გაგრძელებაა. 2019 წელს ამერიკელმა კანონმდებლებმა წარადგინეს ან/და შეცვალეს მნიშვნელოვანი კანონპროექტები და რეზოლუციები, რომლებიც განამტკიცებენ საქართველოს მხარდაჭერას, შეიცავენ ინიციატივებს იმ ერების მიმართ სანქციების დაწესების შესახებ, რომლებიც არ ცნობენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა პოლიტიკური და უსაფრთხოების მიმართულებით არასდროს ყოფილა ასეთ მაღალ დონეზე. აშშ-ს კონგრესმენთა მზარდი მხარდაჭერა ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მიღწევის მიმართულებით საქართველოს სწორუპოვარ პარტნიორად აყალიბებს ამ ორმხრივ ურთიერთობაში.